სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

28/05/2020

ოზურგეთს ახალი ადმინისტრაციული ერთეული დაბა გომისმთა ემატება





ოზურგეთის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ადმინისტრაციული ერთეული დაბა გომისმთა ემატება. მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ კურორტ გომისმთას დაბის სტატუსი მიანიჭა, საკრებულო „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელებს. დღეს , საკრებულოს ბიურომ აღნიშნული საკითხით რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა. ცვლილება კი დადგენილებაში კიდევ ერთი, 30-ე ადმინისტრაციული ერთეულის, დაბა გომისმთის დამატებას ეხება. "საკრებულო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს არის მართლაც ისტორიული ფაქტი, ჩვენს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კურორტს, რომელიც ამავდროულად არის დიდი სიმდიდრე დასახლების სტატუსი მიენიჭა. ეს მოგვცემს შესაძლებლობას ხელი შევუწყოთ კურორტის გეგმეზომიერ განვითარებას, პროცესები წარიმართოს სამართლებრივ ჩარჩოში და მაქსიმალურად იყოს დაცული კურორტის უნიკალური ბუნებრივი რესუსრები. დაბა გომისმთა არის კარგი შესაძლებლობა ტურიზმის განვითარების მიმართულებით, ინვესტიციების მოსაზიდად. " - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ. დადგენილების ცვლილების პროექტზე დასკვნას შეიმუშავებს ინფრასტრუქტურის კომისია. საკრებულოს გასვლითი სხდომა, 29 მაისს, ფოლკლორის ცენტრში 12 საათზე გაიმართება.