სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

08/08/2019

ოზურგეთში აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს





2008 წლის აგვისტოს ომის მე - 11 წლისთავთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ოზურგეთელი ჯარისკაცების საფლავები გვირგვინით შეამკეს.

სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში ზურაბ ნასარაიამ, გუბერნატორის მოადგილემ გია ებრალიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ, მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ, საქველომოქმედო ასიციაცია „გურიას“ ბენეფიციარებმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების მემორიალი მოინახულეს.

2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 169 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. საომარი მოქმედებების დროს დაუღუპა სამი ოზურგეთელი სამხედრო: თემურ ჭიტაძე (სოფელი გურიანთა), თამაზ ნიკიტინი (ქალაქი ოზურგეთი) და ზაურ თენიეშვილი (ქალაქი ოზურგეთი), რომლის სახელობის სკვერიც მუნიციპალიტეტმა მისსავე საცხოვრებელ სახლთან  მოაწყო.  

„ აგვისტოს მოვლენებიდან მე - 11 წელი გავიდა. ამ ომმა ჩვენი უშიშარი მებრძოლების გმირობის ისტორიები შემოინახა. გავიხსენეთ ქართველი ვაჟკაცები, რომლებმაც საქართველოს ერთიანობას შესწირეს თავი. მათი სახელები სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში, “- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა.

მემორიალთან საქართველოს შეიარაღებული ძალების ის სამხედროებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც აგვისტოს ომის დროს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება მიიღეს. მუნიციპალიტეტმა ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს პირად ანგარიშზე ფულადი თანხა გადაურიცხა.