სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - oz.gov.ge

სიახლეები

08/05/2020

შპს „ არერსა მეთალის“ სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა არ ჩატარდება





გაცნობებთ, რომ 2020 წლის 1 მაისს შპს „არერსა მეთალის“ მიერ სამინისტროში წარმოდგენილ იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფ. ლიხაურში მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების წარმოების საწარმოს მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის განცხადება. სკოპინგის განცხადება, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულ იქნა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ლინკი - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/25613).

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-5 მუხლის შესაბამისად, იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით.

საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს. რამდენადაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში, ყოველ ინდივიდუალურ პროექტთან დაკავშირებით, სამინისტროს მიერ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნდა იქნეს უზრუნველყოფილი საჯარო განხილვების ჩატარება, სადაც მონაწილეობის სურვილი შეიძლება გამოთქვას არაერთმა დაინტერესებულმა პირმა. აღნიშნული ზრდის საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკებს და ეწინააღმდეგება მთავრობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისაკენ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, არ ჩერდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. შესაბამისად, საჭიროა შეუფერხებლად გაგრძელდეს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” საფუძველზე სამინისტროში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები.

შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 მარტის №196 დადგენილების თანახმად, ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სკოპინგის დასკვნისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები (რომელთა მიმდინარეობისას კოდექსით გათვალისწინებული საჯარო განხილვები ვერ ჩატარდა/ჩატარდება ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით) განხორციელდება საჯარო განხილვის ჩატარების გარეშე და ადმინისტრაციულ წარმოებაში საზოგადოების მონაწილეობა და მის მიერ მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იქნება წერილობით (მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6) ან ელექტრონული საშუალებით (ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge ). ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ცვლილება არ ეხება საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების ფორმებს და საშუალებებს.

ყველა დაინტერესებულ პირს, დაინტერესების შემთხვევაში, ამომწურავად მიეწოდება ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ შპს „არერსა მეთალის“ მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების წარმოების საწარმოს მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის განცხადებაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება განხორციელდება საჯარო განხილვის ჩატარების გარეშე. სამინისტროში წარმოდგენილ სკოპინგის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, დამატებით ატვირთულია პრეზენტაცია, სადაც შეგიძლიათ იხილოთ მოკლე ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით. გთხოვთ, უზრუნველყოთ ზემოაღნიშნული განცხადების განთავსება თქვენი აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე. ამასთან, კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებების შეზღუდვების გათვალისწინებით, შესაძლებლობის შემთხვევაში გთხოვთ ინფორმაცია განათავსოთ აგრეთვე სასურსათო და სააფთიაქო ქსელთან (სადაც არ ვრცელდება აღნიშნული შეზღუდვები) და წარმოგვიდგინოთ დამადასტურებელი ფოტომასალა. დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 1 ივნისამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge